Wednesday, June 9, 2010
დადიანების სასახლე
დადიანების სასახლე
ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.
ხერთვისი
ხერთვისი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.
ციხესიმაგრე ბირთვისი
ბირთვისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბირთვისი, ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი), წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელს ალგეთის ხეობაზე. მიუვალ კლდეებს შორის შექმნილი ბუნებრივი სიმაგრე დაცულია ციხის კედლებით და დაახლოებით 1 კმ2 მოიცავს. ყველაზე მაღალ კლდეზე დგას კოშკი "შეუპოვარი". ციხის მისასვლელი ჩაკეტილია კარიბჭით. ციხის ნანგრევებს შორის თავდაცვით ნაგებობათა გარდა ჩანს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა.(ვიკიპედია) ლინკი:ბირთვისი
იყალთოს აკადემია
იყალთოს აკადემია
იყალთოს აკადემია, უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნებში საქართველოში. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. ქართული აკადემიებში, კერძოდ, იყალთოს აკადემიაშიც სწავლება ძირითადად ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა ("მეკეცეობა") და მევენახეობა-მეღვინეობა.(ვიკიპედია) ლინკი:იყალთოს აკადემია
მოწამეთა
მოწამეთა
ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.
1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.
მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.
მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: „ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ“. მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით „წყალწითელი“ უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო – სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.
მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: „შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის“.
მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი |
მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხე სიმაგრე „წყალწითელი“ გადაურჩა მათ რიცხვს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: „რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა“. დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა. „აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს“. მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს.
„ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი“. და მაშინვე უპასუხა დავითმა: „ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმის“.
დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: „დაუტოვე ქრისტეს ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი ჯარების უფროსი“. უპასუხა დავითმა: - „ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა“.
„ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა“. ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: - „სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც ღვთის ძალა“.
ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი „შენ რას იტყვი ყმაო“. კონსტანტინემაც დასძრა „ხმაი დამამხობელი“. „არც მე ვემორჩილები შენ ბრძანებას იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა“. ათი დღე აწამეს ძმები და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა დავითმა: - „ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს, მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა ჩვენთა“. ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს.
„ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს“. სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი ბრწყინავდნე „ვითარცა მთიები განთიადისადმი“. წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი, წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა.
XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.
როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865 წელს. დასრულდა იგი ხარების ეკლესიის შიგნით კანკელის გადაკეთებით. 1922-24 წლებში ჩვენში დაიხურა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა არქიტექტურის ძეგლები, დაიწვა უნიკალური წიგნები, დაიღუპა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და სხვა.
ტაძრის კანკელი |
მოწამეთის ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი „შავიანიძე“, მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის მონასტერში.
მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიოადგილს აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით.
საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო, მასზე წარწერაა: რომ აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლები. დასავლეთით გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე, მოსაცდელზე 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ. ეზოში დაკრძალულნი არიან XIX-XX საუკუნეების მსახურნი ამ მონასტრისა.
(http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/motsameta/motsameta.htm) ლინკი:მოწამეთაალავერდის ტაძარი
ალავერდის მონასტერი მდებრეობს ალაზნის ველზე, სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ - ში.
დააარსა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ–ერთმა ღირსმა მამამ იოსებ ალავერდელმა.
ალავერდი საეპისკოპოსო კახეთის უმთავრესი და ერთ-ერთი ვრცელი ქრისტიანული სამწყსო იყო, რომელშიც კახეთის ცენტრალური რაიონის გარდა, თუშ-ფშავ-ხევსურეთიც შედიოდა.
კახეთის სამთავროში (VII-X ს.) ალავერდი უმთავრესი ტაძარი და სალოცავი იყო.
სავარაუდოა, რომ ალავერდის მონასტერი ეპისკოპოსის კათედრად იქცა XI ს-ის I მეოთხედში, როდესაც აქ, წმიდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესიის ადგილზე, ჰერეთ-კახეთის მეფე კვირიკე III-მ დიდი საკათედრო ტაძარი ააგო.
პირველად ალავერდელი ეპისკოპოსი წყაროებში იხსენიება დავით აღმაშენებლის დროს.
XIII ს - დან კი უკვე მთავარეპისკოპოსის პატივით მოიხსენება.
ზედწოდებას "ამბა" ალავერდელი ეპისკოპოსები ატარებდნენ იმის გამო,რომ ისინი მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ. არსებული საბუთებიდან კარგად ჩანს კახ მეფეთა ალავერდის წინამძღვრისადმი მოწიწებული დამოკიდებულება და ალავერდელთა გამორჩეული მდგომარეობა. თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. მოგვიანებით, (XVII-XVIII) ს. იგი დედათა მონასტრად გადააკეთეს და იქ მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრებიც მოღვაწეობდნენ.
ალავედის ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა მტრების თავდასხმებისა და მიწისძვრის შედეგად. XV ს-ში ის აღუდგენიათ და განუახლებიათ კახეთის მეფეს ალექსანდრე I (1476-1511), მის დედას - დედოფალ ნესტან-დარეჯანს და თანამეცხედრეს - ანა დედოფალს. კახთა მეფემ ლევანმა (1520-1574) აღადგინა 1530 წლის მიწისძვრისაგან ჩამოქცეული გუმბათი.
1614 წელს ალავედი დაარბია ირანის შახა აბას I. კახეთის მეფეს თეიმურაზ I (1606-1648) კახეთის ეკლესიების ხატები სვეტიცხოვლის ტაძარში გადაუმალავს, თვითონ კი იმერეთში გახიზნულა. თეიმურაზის შვილიშვილი ერეკლე I (1688-1703) თავის სიგელში აღნიშნავს, რომ ეს ხატები მან უკან წამოუღია და ალავერდელი ეპისკოპოსისთვის ჩაუბარებია.
XVII ს-ში კახეთი დაიპყრეს თურქმანმა ტომებმა, რომლებმაც დაიკავეს ქვეყნის ნოყიერი სამეურნეო მიწები და, მათ შორის, ალავერდის ადგილ-მამულიც. თვით ტაძარი მას საქონლის სასგომად და თავიანთ ციხედ აქციეს. 1660 წელს აჯანყებულმა ქართველებმა გაჟლიტეს ჩამოსახლებული თურქმანები და გაწმინდეს მათგან კახეთი. XVII-XVIII სს. მიჯნაზე ალავერდი ლეკემბმა დაარბიეს.
1668 წლის მიწისძვრისგან დაზიანებული ტაძარი შეაკეთა არჩილ მეფემ. 1742 წლის მიწისძვრისგან ჩამოიქცა ტაძრის გუმბათი, რომლის აღდგენა დაიწყო მეფე თეიმურაზ II მეუღლემ თამარ დედოფალმა და დაასრულა მისმა ძემ ერეკლე II.მიუხედავად რამდენჯერმე ჩატარებული რესტავრაციისა, ტაძარმა შეინარჩუნა პირვალდელი სახე. ესაა მკაცრი, დიდებული,გრანდიოზული, კომპოზიცურად მთლიანი ძეგლი. გეგმით ის წარმოადგენს ტრიკონქს, ჯვრისებური, ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით და მოპირკეთებულია მოყვითალო კვადრებით. ადრე გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქნული კრამიტის ფილებით. ტაძრის კედლების გაწმენდის შედეგად ინტერიერში გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის მხატვრობა –XI და XV-XVII საუკუნეებისა.
ალავერდი, როგორც კახეთის უმთავრესი საყდარი, წარმოადგენდა კახთა მეფეების საძვალეს. აქ დაკრძალული არიან კახეთის მეფეები და სამეფო სახლის წევრები: ალექსანდრე I (1606-1648), თეიმურაზ I ძე დავითი, ალექსანდრე II ძე გიორგი, ერეკლე I ასული ქეთევანი, მისი დედა ელენე, თანამეცხედრე, დედოფალი ანა, ერეკლე II თანამეცხედრე დედოფალი ქეთევანი და სხვ. ალავერდის ტაძრის ტრაპეზის ქვეშ დაფულია კახეთის დედოფლის, დიდმოწამე ქეთევანის წმიდა ნაწილები.
ალავერდის საყდარი ფლობდა დიდი რაოდენობით ყმა-მამულს. ჯერ საქარველოს მეფეები, ხოლო XV საუკუნიდან კახეთის მეფეები ზრუნავდნენ კახეთის ამ უმთავრესი საყდრისა და მონასტრის, მისი კრებულის მატერიალურ უზრუნველყოფაზე, რისთვისაც სწირავდნენ მას ყმა-მამულს და სხვა სახის ქონებას.
ალავერდის კათედრალი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო.აქ მრავლად იყვნენ მწერლები, ხელნაწერთა გადამწერნი თუ მკაზმავნი. მათ შორის: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), მთავარეპისკოპოსი ზებედე (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ - მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.),იოანზე ლარაძე (XVIII ს.) და სხვ.
ალავერდის მონასტერში არსებობდა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა როგოგორც იქ გადაწერილი, აგრეთვე სხვაგან შექმნილი ხელნაწერი წიგნები.საქართველოში პოლიტიკური დაშლილობის ხანაში (XV-XVIII ს.) ალავერდელი ეპისკოპოსი - ამბა - ალავერდელი, რომელმაც ამ პერიოდში მიტროპოლიტის პატივიც მიიღო, ფაქტიურად მთელი კახეთის სამეფოს ეკლესიის სათავეში იდგა. (www.alaverdimonastery.com) ლინკი:ალავერდი
კულტურული ცივილიზაციის კერები
|
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - კავკასიონის მთებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მდინარეების წარმტაც ტყიან ხეობებში ამაყად დგანან უძველესი ძეგლები - ქართული ერის ისტორიის ქვის მატიანე. ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე 5000 -ზე მეტი სხვადასხვა ძეგლია: ციხე-სიმაგრეები, ტაძრები, სასახლეებისა და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები, რომლებიც მოგვითხრობენ ერის ისტორიას. ქართულმა ხუროთმოძღვრებამ მრავალი შესანიშნავი ნაწარმოებით გაამდიდრა მსოფლიო ხელოვნების საგანძური. საიტზე წარმოდგენილია ქართული ხუროთმოძღვრების V - XIII საუკუნის რამოდენიმე ნიმუში(აღნიშნულია რუქაზე). ლინკი:ცივილიზაციის კერები საქართველოში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-ზოგადი მიმოხილვა
საქართველოში დღემდე შემონახულია უძველესი კულტურული ძეგლები:ეკლესია-მონასტრები და ციხე სიმაგრეები.